შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ დაფუძნებულია 2015 წელს და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასთან 2015-2019 წლებში გაფორმებული მემორანდუმის და ხელშეკრულების ფარგლებში ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე (არარეგულირებადი, წყალსაცავის გარეშე) დერივაციული ტიპის ჰესების მოწყობა.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადი მდებარეობს გურიის რეგიონის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მეწიეთის დასახლების მიმდებარედ, მდ. საშუალაზე, ზ.დ. ≈1254 - 540 მ ნიშნულებს შორის. კასკადი შედგება სამი მცირე ჰესისგან - „საშუალა ჰესი“, „საშუალა 1 ჰესი“ და „საშუალა 2 ჰესი“, რომლებიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ მდ. საშუალას ენერგოპოტენციალს.

თითოეული სქემის ძირითადი კომპონენტებია:
• სათავე ნაგებობა;
• სადაწნეო მილსადენი;
• ძალური კვანძი;

სამივე სქემის მიხედვით, სათავე ნაგებობისთვის შერჩეულია ტიროლის ტიპის წყალმიმღები, რომელიც განთავსებულია მდინარის კალაპოტში. ნაგებობის შემადგენლობაში შედის თევზსავალი და სალექარი. სამივე ჰესისთვის გათვალისწინებულია სადაწნეო მილსადენი ძალური კვანძის ტურბინებისთვის წყლის მიწოდების მიზნით. სამივე ძალური კვანძი მიწისზედა ნაგებობაა. ტურბინების შემდეგ წყალი გადაეცემა მდ. საშუალას წყალგამყვანი არხების საშუალებით. კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2018 წელს და დასრულებულია მემორანდუმებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით. კომპანია სამშენებლო პროცესის და ჰესების ექსპლუატაციის პერიოდში საქმიანობას ახორციელებს საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით. სამინისტროს მიეწოდება ყოველკვარტალური მონიტორინგის ანგარიშები, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების პარალელურად გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშებში ასევე, წარმოდგენილია ბიომრავალფეროვნების კომპონენტების პერიოდული კვლევის შედეგები, მდინარე საშუალას ყოველდღიური ჰიდროლოგიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.